30 იანვარი 2025,   23:05
ვრცლად
"ეს დროებითი გადაწყვეტილებაა - დარწმუნებულები ვართ, როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს ბრიუსელსა და სტრასბურგშიც" - ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოზე

"ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ეროვნულ თავმოყვარეობას, რისი დეფიციტიც, სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს აქვთ," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება დროებითია.

ვინაიდან არჩევნები საქართველოში ჩატარდა ძალიან მაღალი სტანდარტებით, დღემდე ვერავინ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, რომ იყო 300 000 თუ 400 000 ხმის გაყალბება. ჩვენ, ფიზიკურად, სხვა გზა არ გვქონდა დარჩენილი, ვინაიდან ვართ ღირსეული, თავმოყვარე ქვეყანა, გადავდგით ეს ნაბიჯი და ჩვენი სურვილით უარი ვუთხარით ამ უფლებამოსილების ცნობაზე.

ეს არის დროებითი გადაწყვეტილება ვინაიდან, დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს, საბოლოო ჯამში, ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც და, შესაბამისად, შემდეგ შეუდგება ჩვენი დელეგაცია საპარლამენტო მუშაობას PACE-ში," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. დელეგაციის წევრების განმარტებით, მათთვის მიუღებელი და უსამართლოა დათქმები უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო, თბილისს ახალი არჩევნებისკენ მოუწოდებს და აპრილამდე კონკრეტულ პირობებს უყენებს. "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ევროსაბჭომ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება ჯერ ცნო, რითაც არჩევნები აღიარა, შემდეგ კი ისევ ახალი არჩევნების მოთხოვნით, ულტიმატუმი წამოაყენა.

დღის ამბები