30 იანვარი 2025,   21:40
ვრცლად
"PACE-ის დატოვების შესახებ წულუკიანის პასუხი არის კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომ, თვითიზოლაციით, ქვეყანას პირდაპირ მძიმე წარსულში მიაქანებენ" - თეონა აქუბარდია

ოპოზიციის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია იყო შანსი ქართული დელეგაციისთვის სრულფასოვანი მანდატების მისაღებად, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ეს არ გამოიყენა.

"ეს იყო შანსი აპრილამდე, იმისთვის, რომ სრულფასოვანი მანდატები საქართველოს დელეგაციის ყოფილიყო ცნობად მიღებული და დამტკიცებული. ის პასუხი, რომელიც ჩვენ ვნახეთ წულუკიანის მხრიდან, რომ ისინი საერთოდ ტოვებენ PACE-ს, ეს არის კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელი, რომ თვითიზოლაციით, პირდაპირ ქვეყანას მიაქანებენ იმ მძიმე წარსულში, რომელსიც საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ სურს ყოფნა", - განაცხადა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც წულუკიანმა განმარტა, საქართველო, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად და დელეგაციის წევრები მხოლოდ მას შემდეგ განაახლებენ ასამბლეაში მონაწილეობას, როგორც კი შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ.

114 ხმით 13-ის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. PACE თბილისს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, ასამბლეამ გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოეხდინა 2025 წლის აპრილამდე, თუმცა - გარკვეული პირობებით.

დღის ამბები