საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომ "ნაციონალური მოძრაობაა" - ამის კიდევ ერთ დასტურად მმართველ გუნდს ხატია დეკანოიძის სტატუსი მოჰყავს. პოლიტიკოსმა, როგორც ტოპ კონტრიბუტორმა ჯგუფ "დაიტოვე-ში“ დაწერა, რომ სერბეთის მაგალითის მსგავსად, თბილისშიც გზის მთავარი მაგისტრალები უნდა გადაიკეტოს. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ რუსთაველის გამზირზე მდგომი დემონსტრანტები მითითებებს, სწორედ ოპოზიციური პარტიებიდან იღებენ.
თავად ბრალდების ადრესატი, დღეს, მედიასთან არ გამოჩენილა. ხატია დეკანოიძის ნაცვლად, განმარტებების გაკეთება მის თანაპარტიელებს მოუწიათ. "ნაციონალურ მოძრაობაში" აქციების შესაძლო ორგანიზებას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ისინიც პროტესტის რიგითი მონაწილეები არიან.
ანალოგიური შინაარსის განცხადებები გაკეთდა დღეს სხვა ოპოზიციური პარტიებშიც, სადაც ასევე ამტკიცებენ, რომ უწყვეტი პროტესტის ერთადერთი ორგანიზატორი ხალხია.
ვინ დგას საპროტესტო აქციების და აქტივისტების ჯგუფების უკან? – განმარტების გაკეთებაზე უარს ამბობენ, თავად "დაიტოვეს“ მმართველები.
ოპონენტებს სახელისუფლებო გუნდი მათ ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის დროს აღმოჩენილ მტკიცებულებებს ახსენებს და ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს ოპოზიციური პარტიები საჭირო ნივთებითა და ფინანსებითაც უზრუნველყოფენ. სტატუსი სოციალურ ქსელში უმრავლესობის ლიდერმაც გამოაქვეყნა.
საპროტესტო აქციები დღემდე უცვლელი მოთხოვნებით გრძელდება - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დაკავებული პირები.