13 იანვარი 2025,   03:44
ვრცლად
კალიფორნიის შტატში უკვე მეოთხე დღეა დამანგრეველ სტიქიას ებრძვიან - ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 16-მდე გაიზარდა

ტრისტინ პერესი ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, რომელმაც პესიფიქ პელესაიდში ხანძრისგან სახლის გადარჩენა, საკუთარი ძალებით შეძლო. ამბობს, რომ სტიქიის ზონა გააზრებულად, სწორედ იმ მიზნით არ დატოვა, რომ მისი და მეზობლად მცხოვრები ადგილობრივების საცხოვრებელი გადაერჩინა.

კალიფორნიის შტატში უკვე მეოთხე დღეა დამანგრეველ სტიქიას ებრძვიან. ხანძარმა საცხოვრებელი სახლები და ბიზნეს ობიექტები გაანადგურა. ცეცხლის სრულად ჩაქრობას სახანძრო–სამაშველო ჯგუფები რთული რელიეფური მდებარეობისა და ძლიერი ქარის გამო ვერ ახერხებენ. ამ დრომდე ლოკალიზებულია ხანძრის მხოლოდ 11 პროცენტი. ადგილობრივები სტიქიის ზონაში წყლის პრობლემაზე საუბრობენ, რამაც მეხანძრეებს ხანძრის ჩაქრობაში ხელი შეუშალა.

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, ბოლო 24 საათში, 16-მდე გაიზარდა. სტიქიის ზონაში გამოცხადებულია კომენდანტის საათი. ლოს ანჯელესის მერი მოუწოდებს მოსახლეობას დაემორჩილონ სავალდებულო ევაკუაციის მოთხოვნას. კარენ ბასი, ასევე იმ დანაშაულებზე საუბრობს, რომელსაც ადგილობრივები სტიქიის ზონაში ჩადიან.

კალიფორნიის შტატის დასახმარებლად 70-ზე მეტი მეხანძრე მაშველი, სრულ აღჭურვილობით გაგზავნა მექსიკამ. შტატის გუბერნატორის თქმით, ნამდვილი მეგობრობა ასე გამოიყურება.

კალიფორნიაში, ტყის ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვირაო წირვაზე ლოცვა აღავლინა რომის პაპმა, მან კალიფორნიის მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა და გამძლეობა უსურვა.

150,000-ზე მეტი ევაკუირებული, განადგურებული სახლები და გადამწვარი ტურისტული ზონები. კალიფორნია დამანგრეველ სტიქიას უკვე მე-4 დღეა ებრძვის, მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

დღის ამბები