12 იანვარი 2025,   05:57
ვრცლად
გივი მიქანაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: დავპირდით საზოგადოებას, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა ამ საკითხს დააინიცირებდა - სწორედ ამ დანაპირებს ვასრულებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საზოგადოება წლების განმავლობაში ითხოვდა 2003-2012 წლებში მომხდარი სისტემური დანაშაულების გამოძიებას და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

მისივე თქმით, ამ საკითხის შესწავლით "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს.

"წლების განმავლობაში, საზოგადოება ითხოვდა, რომ ის სისტემური დანაშაულები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ყოფილიყო შესწავლილი, გამოძიებული, დადგენილი და ყველა კითხვაზე ყოფილიყო პასუხი გაცემული.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იყო ე.წ. კოჰაბიტაციის რეჟიმი. ჩვენ ახლა უკვე, როდესაც სახელმწიფო თავის სუვერენიტეტს ამყარებს და წინასაარჩევნოდ განვაცხადეთ ღიად, საჯაროდ, დავპირდით საზოგადოებას, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა ამ საკითხს დააინიცირებდა, სწორედ ამ დანაპირების შესრულებას აქვს ადგილი, რამაც შესაძლებელი უნდა გახადოს, რომ საჯაროდ მოხდეს ყველა საკითხის შესწავლა, განხილვა, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივით, მე-11 მოწვევის პარლამენტი 2003-2012 წლებში, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლის. სახელისუფლებო გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე დააყენებს. კომისია 6 თვე იმუშავებს, საბოლოო დასკვნას კი სექტემბერში დაამტკიცებს. ამის შემდეგ, საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცემა.

ამავე თემაზე
დღის ამბები