12 იანვარი 2025,   18:50
ვრცლად
"AFD-ის პარტიული კონფერენციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, მემარცხენე პოლიტიკოსი პოლიციამ უგონო მდგომარეობამდე სცემა" - Tagesspiegel

AfD-ის პარტიული კონფერენციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე მემარცხენე პოლიტიკოსი პოლიციამ უგონო მდგომარეობამდე სცემა - ამის შესახებ გერმანული ინტერნეტ გამოცემა Tagesspiegel-ი წერს.

სტატიაში ნათქვამია, რომ დეპუტატი ნამ დუ ნგუენი დემონსტრაციის დროს დაშავდა, პოლიცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. გამოძიება დაწყებულია.

AfD-ს პარტიული კონფერენციის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე, საქსონიის ქალაქ რიზაში, მემარცხენე პარტიის ინფორმაციით, საქსონიის პარლამენტის მემარცხენე დეპუტატი ნამ დი ნგუენი უგონო მდგომარეობამდე სცემეს.

პარტიის განცხადებით, დეპუტატს და მის გუნდს პოლიციელები დაესხნენ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ნგუენმა არაერთხელ განაცხადა მისი სადეპუტატო სტატუსის და საპარლამენტო სადამკვირვებლო მისიის შესახებ.

"შემაშფოთებელია, თუ როგორ მოექცა პოლიცია დემონსტრატებს, რათა AfD-ს წევრებისთვის გზა გაეთავისუფლებინა. ის ფაქტი თუ როგორ მოექცნენ დეპუტატებს და საპარლამენტო დამკვირვებლებს ლახავს ყოველგვარ წითელ ხაზებს", - განაცხადა ნამ დუ ნგუენმა.

დრეზდენის პოლიციის უფროსმა დაადასტურა, რომ დაწყებულია გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის დროს სხეულის დაზიანების ეჭვის თაობაზე. დაზარალებულმა დეპუტატმა პოლიციას საჩივრით მიმართა.

საქსონიის შინაგან საქმეთა მინისტრს სურს, რომ პოლიციის მიერ მემარცხენე პოლიტიკოსზე განხორციელებული ძალადობის შესახებ ბრალდება უმოკლეს დროში იქნას გამოძიებული. "სავსებით გასაგებია, რომ საპოლიციო ღონისძიების ანალიზის დროს, ამ შემთხვევას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა", - განაცხადა მინისტრმა.

ასევე, პოლიციის ხელმძღვანელმა ლუც როდიგმა, მწუხარება გამოთქვა, რომ საპოლიციო ღონისძიების დროს ერთი დეპუტატი და მისი თანმხლები პირი დაშავდნენ. მისი თქმით, ეს არ ყოფილა პოლიციის ქმედებების მიზანი. მან იქვე პირობა დადო, რომ ეს შემთხვევა განსაკუთრებული ყურადღებით იქნება გამოძიებული.

როგორც პარტიის პრესსამსახურმა განაცხადა, "28 წლის პოლიტიკოსი დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მოხვდა".

დღის ამბები