ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული - რუსეთის თავდასხმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე გრძელდება. ბოლო 24 საათში, ოკუპანტმა სახელმწიფომ ომში მყოფი ქვეყნის მიმართულებით 80-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ერთ-ერთი მათგანი სოფელ პრიმორსკოეში სამოქალაქო მანქანას დაეცა და ერთი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.
უცხოური მედიის ცნობით, რუსეთის არმია ანდრიივკის, სოლონისა და ნოვოსილკას მიმართულებით გადაადგილდება. უკრაინა კი, რომელიც რუსული აგრესიისგან თავს იცავს, ბომბავს ნოვოროსისკსა და ანაპას.
2025 წელს ომის შესაძლო დასრულებაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ კრემლთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მხოლოდ უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების მიცემით არის შესაძლებელი.
დიალოგის პერსპექტივასა და ომის დასრულებაზე საუბრობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერი ამბობს, რომ, როგორც კი დონალდ ტრამპი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება, ნებისმიერი სახის დიალოგი ამერიკასა და რუსეთს შორის, მისასალმებელია.
ტრამპის ინაუგურაციამდე, რუსეთს მორიგ სანქციებს უწესებს ბაიდენის ადმინისტრაცია. შეზღუდვები რუსულ საწვავსა და ბუნებრივ აირს - ჯო ბაიდენი ამბობს, რომ სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს, რაც პუტინს ომის წარმართვაში ხელს შეუშლის.
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ, დასავლეთ ევროპის ერთიანობის შენარჩუნების შემთხვევაში, უკრაინას ომში გამარჯვების შანსი აქვს. ბაიდენი ასევე მოუწოდებს რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს, ერთობლივად გაუწიონ წინააღმდეგობა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს, იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი უკრაინისთვის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს.
კიევისთვის დაფინანსების ახალი პაკეტის გადაცემაზე უარს ამბობს გერმანიის კანცლერი - გამოცემა "შპიგელის" ინფორმაციით, ოლაფ შოლცის ადმინისტრაციამ ომში მყოფი ქვეყნისთვის, დამატებით, 3 მილიონიანი დახმარება გაყინა.
უკრაინაში ომი 1052 დღეა გრძელდება. ოკუპანტი სახემწიფო უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებზე იერიშებს განაგრძობს.