სახელისუფლებო გუნდი, საგაზაფხულო სესიაზე მუშაობას წინასაარჩევნო დაპირების შესრულებით იწყებს. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი დანაშაულების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, თებერვლის დასაწყისში შეიქმნება. კანონმდებლები წინა ხელისუფლების 9 წლიანი მმართველობის პერიოდზე, პოლიტიკურთან ერთად სამართლებრივ შეფასებას მოამზადებენ. საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ კომისიის მუშაობის გამჭვირვალობა მოქალაქეებს, "ნაციონალური მოძრაობის" რეალურ სახეს კიდევ ერთხელ დაანახებს.
საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობას არ აღიარებს ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ კომისიის შექმნით, ხელისუფლება მთავარი პრობლემური თემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ 6 თვიანი მუშაობის შემდეგ, საგამოძიებო კომისია პროკურატურას არაერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას გადასცემს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პოლიტიკურთან ერთად, ყოფილი ხელისუფლების მოღალატეობრივ ქმედებებს, სამართლებრივი შეფასებაც უნდა მიეცეს.
კანონმდებლები საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ემზადებიან, ამ ფონზე კი "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ოპოზიციის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. საზოგადოებრივ მოძრაობაში ამბობენ, რომ 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულების გამოძიება პრიორიტეტულია, თუმცა კონკრეტულმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა სამართლებრივი პასუხი, ბოლო წლებში ჩადენილ დანაშაულებზეც უნდა აგონ.
საგამოძიებო კომისია პარლამენტში ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს. კანონმდებლები 2003-2012 წლებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დასკვნებს და რეკომენდაციებს, საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას გამოაქვეყნებენ.