მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უცვლელი დატოვა - რვავე ბრალდებული პატიმრობაში რჩება. დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ საზოგადოებრივი ადვოკატები, რომლებიც 5 ბრალდებულს მას შემდეგ დაენიშნათ, რაც მათმა უფლებადამცველებმა პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც აქცია მიმდინარეობდა.
პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი უფლებადამცველებმა მას შემდეგ დატოვეს, რაც დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა მოსამართლემ არც მეორედ დააკმაყოფილა. ხმაური გაგრძელდა სხდომათა დარბაზს მიღმაც, სადაც დაკავებულები მხარდამჭერები იმყოფებოდნენ.
იქამდე, საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი პროცესზე შეუძლოდ გახდა. ადვოკატები და თავად ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ, უჰაერობის გამო, სხდომათა დარბაზში პროცესი ვერ გაგრძელდებოდა.
სხდომათა დარბაზის დატოვებამდე, უფლებადამცველებმა კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც მოსამართლის აცილებას შეეხებოდა, თუმცა არც ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პოზიცია დღეს სახელმწიფო ბრალდებამაც დააფიქსირა. პროკურორმა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც დაკავებულების გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს, ამიტომ აღკვეთს ღონისძიების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძისა და, მასთან ერთად, 7 ბრალდებულის პროცესი დღეს 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკავებულიდან სამს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას ედავება, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, სხვა დაკავებულებს კი ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ.
ავტორი: ნანა გოგატაძე