გივი მიქანაძე ოპოზიციაში მორიგ დაპირისპირებაზე საუბრობს და კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადების ირგვლივ ხელისუფლების ოპონენტების შეფასებებს ეხმიანება. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ საზოგადოებამ ნათლად დაინახა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე და სწორედ ამიტომ მხარი "ქართულ ოცნებას" დაუჭირა.
დაპირისპირების მიზეზი ჯაფარიძის ის განცხადება გახდა, სადაც კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციამ ვერ შეძლო მოკლე გზავნილის შემუშავება, რაც მოსახლეობაში შესაძლო ომის საფრთხის შიშს გაანეიტრალებდა. ჯაფარიძის ამ განცხადებას კრიტიკა მისივე თანაგუნდელებისგან მოჰყვა. ნიკა მელიას შეფასებით, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, "ქართულმა ოცნებამ" ეფექტური მესიჯით მოიგო არჩევნები, თუ არჩევნები გაყალბდა?!. ჯაფარიძეს მსჯელობა დაუწუნეს "ლელოშიც". სულ სხვა პოზიცია აქვთ გახარიას პარტიაში, სადაც იმ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო გზავნილებმა არ იმუშავა, ტყუილში ადანაშაულებენ.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ, კოლეგებისგან განსხვავებით, წინასაარჩევნოდ მათი პოზიცია ერთიანი ფრონტის შექმნა იყო, თუმცა დანარჩენმა ოპოზიციამ არჩევნებში სხვა კონფიგურაციით მონაწილეობა გადაწყვიტა.
ოპოზიციის პოზიციები მმართველ გუნდს ხელისუფლების ოპონენტებს შორის არსებულ დაპირისპირებაში არწმუნებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციის ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის დასკვნამ სრულად გააქარწყლა და ახლა სამოქმედო გეგმის შემუშავებას ვეღარ ახერხებენ.
ზურა გირჩი ჯაფარიძემ, წინასაარჩევნო კამპანიასა და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, გუშინ, ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ისაუბრა.