"არაარგუმენტირებული ბრალდება და შეურაცხყოფა" - ასე აღიქვეს მმართველი გუნდის წევრებმა ყოფილი პრემიერის განცხადება. გიორგი გახარიამ სატელევიზიო ინტერვიუს დროს თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საქართველოში სტუმრების ჩამოსვლის მიზნით ფული გადაიხადა. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა გადახდილი ფულით ჩამოდიოდა საქართველოში, გახარიამ უპასუხა: "შემოტყუებით, როგორც მინიმუმ".
მმართველი გუნდის ოპონენტები, დღეს კოლეგის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებენ. ამბობენ, მხოლოდ იმას, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტი მიზანშეწონილი არ იყო.
სახელისუფლებო გუნდში კი ამბობენ, რომ პია კაუმას წინააღმდეგ კამპანია ოპოზიციამ ორკესტრირებულად აწარმოა, რადგან დელეგაციის ჩამოსვლა მათ ინტერესებში არ შედიოდა. ოპონენტებს "ქართული ოცნებიდან" შეახსენეს, რომ ვიზიტი დროებით გადაიდო და ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან თანამშრომლობა საქმიან ფორმატში გაგრძელდება.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისში 8 იანვარს უნდა ჩამოსულიყო. თუმცა ვიზიტი გადაიდო, პია კაუმამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილიც გამოუგზავნა. ამას კი, წინ ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან, არაერთი მოწოდება უძღოდა.