პოლიტიკური დისკუსიის საგანია "ქართული ოცნების" ინიციატივა - საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დანაშაულებრივი ქმედებების კომპლექსურ გამოძიებას გეგმავს.
პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების დოკუმენტს პირველ ეტაპზე მე-11 მოწვევის პარლამენტი მოამზადებს. დასკვნა კი შემდეგ გენერალურ პროკურატურაში გაიგზავნება.
ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მიღმა პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილს ხედავს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი კვლავ 12 წლის წინანდელ დაპირებას უბრუნდება.
"ამ კომისიის შექმნას აქვს ორი მხარე. პირველი ეს არის, გასამართლდეს თავისუფალი საქართველოს მშენებლობის წარმატებული მაგალითი და მეორე, ეს გახლავთ დროსა და სივრცესთან კონფლიქტში მყოფი, არალეგიტიმური ხელისუფლების მცდელობა, რომ ქვეყანაში რეალური პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, ისევ და ისევ 12 წლის წინანდელ დაპირებას დაუბრუნდეს, რომ დაამთავრებენ "ნაცებს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.