13 იანვარი 2025,   03:25
ვრცლად
საჰაერო თავდასხმა და შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით – უკრაინაში ომი გრძელდება

საჰაერო თავდასხმა და შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით – უკრაინაში ომი გრძელდება. მხოლოდ ერთ ღამეში რუსულმა აგრესიამ ომში მყოფნი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დრონებით შეტევა განხორციელდა სუჯის ოლქში მოხუცთა თავშესაფარზე. ოკუპანტის თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი. უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს ბრიანსკის ოლქსაც, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი კი მძიმედ დაშავდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ოკუპანტი სახელმწიფოს აგრესიისგან თავის დაცვას ცდილობს უკრაინა, რომელმაც დონეცკის რეგიონში რუსეთის სამეთაურო პუნქტზე ახალი შეტევა დაიწყო. ომში მყოფი ქვეყანა იბრძვის კურსკშიც, სადაც უკრაინის არმიამ ორი ჩრდილო კორეელი ჯარისკაცი, ტყვედ აიყვანა.

უკრაინის პრეზიდენტი ისევ თავდაცვის გაზრდის და საომარი ტექნიკის შესყიდვაზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე ამბობს, რომ 2025 წელს მთავარი ამოცანა ოკუპანტის სამხედრო ობიექტებზე და ლოგისტიკაზე იერიშების რაოდენობის ზრდაა.

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს აკრიტიკებს სლოვაკეთის პრემიერი. მისი თქმით, ზელენსკი პარტნიორებს აშანტაჟებს. რობერტ ფიცო ამბობს, რომ უკრაინიდან სლოვაკეთის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტის საკითხზე არსებობდა ორი ვარიანტი, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს შეთანხმება ჩაშალა.

ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად შვეიცარია მზად არის დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას ორგანიზება გაუწიოს. გამოცემა "ლე ტემპსთან" ინტერვიუში ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მხარეებს უკვე მიაწოდეს.

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ისევ დისკუსიის საგანია ქვეყანაში სამხედრო სამობილიზაციო ასაკის დაწევა. ამ საკითხზე საუბრობს ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. დიმიტრო კულებას თქმით, ასაკის დაწევა 18 წლამდე ახლა ვერ მოხერხდება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ცვლილების წინააღმდეგია.

უკრაინაში ომის 1053-ე დღეა. ომში მყოფი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობა ისევ ოკუპანტის სამიზნეა.

დღის ამბები