აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი ხმაურით დასრულდა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
3-საათიანი შესვენების შემდეგ, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ადვოკატების თანდასწრებით და ბრალდებულების გარეშე გამოაცხადა, რადგან ყველა მათგანმა პროცესი პროტესტის ნიშნად, უფლებადამცველებთან ერთად დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლემ დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დღეს სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობდა.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულებიდან სამს: ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან, 5 მათგანს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.