12 იანვარი 2025,   05:57
ვრცლად
"ქართული ოცნება" კომპლექსურ გამოძიებას იწყებს - "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, "ნეიტრალური საქართველო" 3 ბარიერგადალახული პარტიის გასამართლებას ითხოვს

სახელისუფლებო გუნდი საზოგადოების მიმართ იმ დაპირებაზე საუბრობს, რომელიც არჩევნებამდე გასცა და რაც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას გულისხმობს. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობის პერიოდზე, პოლიტიკურთან ერთად, სამართლებრივი შეფასება უნდა მოამზადოს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საჭიროა, ახალმა თაობამ იცოდეს, რა ძალადობრივ ქმედებებთან შეიძლება ასოცირდებოდეს ყოფილი ხელისუფლება და როგორ ცდილობენ ახლაც, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას. საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ კომისიის მუშაობის შედეგად, საზოგადოებაში არსებულ კონკრეტულ კითხვებს კონკრეტული პასუხები გაეცემა.

საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მუშაობას არ აპირებს ოპოზიცია. ყოფილ სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ 13 წლის წინანდელი მოვლენები საზოგადოების ინტერესის სფეროს დღეს არ წარმოადგენს.

საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი მიზანი პროცესის გამჭვირვალეობა და კომისიის მუშაობაში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაა.

კანონმდებლების მხრიდან საგამოძიებო კომისიის შექმნის პარალელურად, პროკურატურისთვის სარჩელს ამზადებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო". საზოგადოებრივ მოძრაობაში აცხადებენ, რომ, საგამოძიებო კომისიასთან ერთად, მნიშვნელოვანია იმ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირებაც, რომელიც ოპოზიციამ 2012 წლის შემდეგაც ჩაიდინა.

2003-2012 წლებში მომხდარი მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში 6 თვის განმავლობაში იმუშავებს. დასკვნებსა და რეკომენდაციებს დეპუტატები საშემოდგომო სესიის დასრულებამდე გამოაქვეყნებენ.

დღის ამბები