
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
"სახლში მინდა. გულით რომ გითხრათ, ერთი სული მაქვს, სახლში როდის მივალ. დიდ მადლობას გიხდით, ვინც მონაწილეობა მიიღო გათავისუფლებაში. ადამიანურად, ყველას მადლობას გიხდით", - თქვა ბებუამ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას უკანონოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა 4 წელსა და 6 თვეს გაუტოლდა.
აღნიშნულ პერიოდში ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და სხვა რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი "ცხელი ხაზის" მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული მოლაპარაკებებისა თუ კომუნიკაციის ყველა სხვა ბერკეტი და ინსტრუმენტი.