
შვეიცარიული ავიაკომპანია "ედელვეისს ეარი" საქართველოს "ევროპის აივანს" უწოდებს და საკუთარ საინფორმაციო გვერდებზე ჩვენი ქვეყნის უნიკალური არქიტექტურის, მრავალფეროვანი კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ წერს.
"სვის ინთერნეიშნელ ეარლაინის" შვილობილი კომპანია 12 აპრილიდან ციურიხი - თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს აანონსებს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და შვეიცარიულმა ავიაკომპანიამ, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი მარკეტინგული კამპანია შეიმუშავეს.
"ედელვეის ეარი" ფრენებს ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ახორციელებს.
შვეიცარია საქართველოს მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს და ავიაკომპანიის შემოსვლა ქართულ ბაზარზე განსაკუთრებით სასიხარულო ტურისტული სააგენტოებისთვის აღმოჩნდა.
ახალი მარკეტინგული კამპანია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პარალელურად, შვეიცარიის 5 ქალაქში სარეკლამო ბანერები განთავსდება, სოციალურ ქსელებში კი რეგულარულად ქვეყნის ღირსშესანიშნაობების, თბილისის ხედებისა და შთამბეჭდავი ბუნების ამსახველი კადრები გავრცელდება, რაც ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას უფრო გაზრდის.