18 მარტი 2025,   15:54
ვრცლად
კაია კალასის განცხადება არის უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა და ყველაზე ანტიქართული განცხადება, რაც კი შეიძლება, დღეს პოლიტიკოსმა გააკეთოს - მამუკა მდინარაძე

არავინ და არაფერი აზიანებს ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენებს, ვიდრე ევრობიუროკრატია, რომელიც ძალიან ცუდად იქცევა, ამიტომ ვმიჯნავთ ევროპას, ევროპულ ღირებულებებს და ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მავნებლურადაც კი იქცევიან, იმდენად არაადეკვატურები და არასამართლიანები არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიედრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ანტიქართული განცხადებაა.

"ეს არათუ ქვეყნის საქმეებში ჩარევაა, ესაა უხეში ჩარევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში, ინტერესებში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა და ყველაზე ანტიქართული განცხადება, რაც კი შეიძლება, დღეს, თანამედროვე სამყაროში პოლიტიკოსმა გააკეთოს. კონკრეტულ ქვეყანას არ დავასახელებ, თუმცა მაშინ, როდესაც ასეულობით ადამიანი კვდება სხვაგან, ამაზე საერთოდ რეაქცია არ გაქვს და ხშირად გავიმეორებ, ლაშა ტალახაძეს აგრესიის გამო ასანქცირებ, შეშფოთებული ხარ იმით, რაც არათუ შეშაშფოთებელია, არამედ სწორი საქციელია დანაშაულის პრევენციისთვის, ეს მინიმუმ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს, რაც ძალიან სამწუხაროა", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატია ბოლო დროს ძალიან მიეჩვია ორმაგი სტანდარტებიდან გამომდინარე განცხადებების კეთებას.

"ჩვენ ნამდვილად ამაყები ვართ იმით, რომ ამან ვერ წაგვაქცია, ამით ვერ მოგვერივნენ. იმედია, ჩვენი საოცნებო ევროპა და ევროკავშირი ისეთ სახეს დაიბრუნებს, ევრობიუროკრატები ამ იმიჯის შელახვას ვერ შეძლებენ და როდესაც ჩვენ ობიექტურად დავიმსახურებთ, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, ევრობიუროკრატებიც ადეკვატურები იქნებიან და ეს ადეკვატურობა მნიშვნელოვანია სიმართლესთან მიმართებით. როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან, არავინ და არაფერი აზიანებს მათ შორის ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენებს, ვიდრე ეს ევრობიუროკრატია, რომელიც ძალიან ცუდად იქცევა, ამიტომ ვმიჯნავთ ჩვენ ევროპას, ევროპულ ღირებულებებს და ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მავნებლურადაც კი იქცევიან, იმდენად არაადეკვატურები და არასამართლიანები არიან", – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა დღეს განაცხადა: "ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანების დაკავებების გამო. ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც ჩადის ძალადობას მშვიდობანი დემონსტრანტების წინააღმდეგ".

დღის ამბები