18 მარტი 2025,   18:38
ვრცლად
პოლონელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გარდაცვალების საქმე ადგილობრივ მედიაში დღეს მთავარი თემაა - ოპოზიცია ირწმუნება, რომ პროკურორები პოლიტიკოსზე ზეწოლას ახდენდნენ

პოლონელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გარდაცვალების საქმე ადგილობრივ მედიაში დღეს მთავარი თემაა - პოლიტიკურ სკანდალზე, პრესის გარდა, ოპოზიციონერი ლიდერებიც ღიად საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, 66 წლის ბარბარა სკშიპეკი პროკურატურაში, ერთ-ერთ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ პროკურორები პოლიტიკოსზე ზეწოლას ახდენდნენ, მის გარდაცვალებაში კი სწორედ პრემიერ ტუსკის მთავრობაა
დამნაშავე. პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან, ოპონენტების დევნისა და შანტაჟის ფაქტებზე საუბრობს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრიც.

ოფიციალურმა უწყებებმა უკვე დაადასტურეს, რომ ბარბარა სკშიპეკი პოლონეთის პროკურატურაში 12 მარტს, ე.წ. ორი ცათამბჯენის მშენებლობის საქმეზე, მოწმის სტატუსით დაიბარეს. გამოძიება უკანონო პოლიტიკური გავლენისა და ფინანსური გარიგებების საქმეზე მიმდინარეობს. გახმაურებულ დავაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ოპოზიციონერი იაროსლავ კაჩინსკია. ბარბარა სკშიპეკი სწორედ მის პარტიას, "სამართალი და სამართლიანობას" წარმოადგენდა.

პოლონეთში, დაკითხვის შემდეგ ოპოზიციონერის გარდაცვალების საქმე პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. "ქართულ ოცნებაში" ტუსკის მთავრობას აკრიტიკებენ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს და პოლონეთიდან თბილისში გამოგზავნილ ექიმთა კონსილიუმის ქმედებებსაც იხსენებენ.

პოლონეთში ოპოზიციური პარტიის წევრის გამოკითხვებთან და გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ ხელისუფლების ოპონენტები. მათმა ნაწილმა ამის არგუმენტად დღეს ინფორმაციის ნაკლებობა დაასახელა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სხვა ქვეყნების კრიტიკის და შიდა საქმეებში ჩარევის ნაცვლად, უმჯობესი იქნება პოლონეთის ხელისუფლებამ, საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს.

ადგილობრივი აქტივისტებისა და პოლიტიკოსების გარდა, პოლონელი ოპოზიციონერის გარდაცვალებაში დონალდ ტუსკის მთავრობას ევროპარლამენტარი, პოლონეთის იუსტიციის სამინისტროს ყოფილი სახელმწიფო მდივანიც ადანაშაულებს. პოლიტიკოსის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.

დღის ამბები