18 მარტი 2025,   21:23
ვრცლად
"განისაზღვრება პირები, რომლებიც წარმოადგენენ უცხოური პრინციპალის აგენტებს, მათთან დაკავშირებული რეგისტრაციის ვალდებულებებს, განსაზღვრულია შესაბამისი პასუხისმგებლობები" -  არჩილ გორდულაძე ამერიკული "ფარას" ქართულ ანალოგზე

დღეს, პარლამენტი მეორე მოსმენით კენჭს უყრის ამერიკული "ფარას" ქართულ ანალოგს. სესიაზე პროექტი უკვე განიხილეს. დოკუმენტი 16 გვერდიანია და მასში გაწერილია იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ასევე სადამსჯელო ღონისძიებები კანონის დარღვევისთვის. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქართული კანონი ამერიკული ფარას სიტყვა სიტყვით ნათარგმნი ვერსიაა და მის მიღებას ალტერნატივა არ აქვს. მიზანი კი გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირებაა, რაში იხარჯება ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შემოსული ფული.

"წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ უცხოურ პრინციპალს, უცხოური პრინციპალის აგენტებს, მათთან დაკავშირებული რეგისტრაციის ვალდებულებებს, აღმასრულებელ პირს. არის განსაზღვრული შესაბამისი პასუხისმგებლობები, რაც უმნიშვნელოვანესია, მით უმეტეს, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. განსაკუთრებით, რომელიც უკავშირდება ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა: NED-ი, USAID-ი.

ეს ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყანაში აფინანსებდნენ და აორგანიზებდნენ ისეთ ქმედებებს, რომელიც წინააღმდეგობაში იყო ადგილობრივი ქვეყნების ინტერესებთან. როგორც ამერიკელ ხალხს აქვს ქმედითი მექანიზმი ასეთი აქტივობების გამოსავლენად, მნიშვნელოვანია ქართველ ხალხსაც ჰქონდეს ანალოგიური შესაძლებლობა. შინაარსი აბსოლუტურად უცვლელია და ზუსტად იმეორებს იმ შინაარსს, რომელიც ამერიკაში მოქმედებს,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები