
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, თბილისში შეხვედრებს მართავს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი ჯერ ყოფილ პრეზიდენტს, მოგვიანებით კი ოპოზიციურ პარტიებს ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეების თქმით, განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები.
"ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია რა სტატუსით იმყოფება საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ხელისუფლების მიმართ ყოველთვის გამოირჩეოდა კრიტიკული განცხადებებით.
"უცხოელი ვადაგასული პოლიტიკოსები ჩამოდიან საქართველოში და ადგილობრივ ვადაგასულ პოლიტიკოსებს ხვდებიან. მათ რაც აერთიანებთ არის სწორედ ის, რომ არიან ვადაგასულები. რა თქმა უნდა, მათი შეხვედრები არ არის საინტერესო, უბრალოდ ჩვენ ვხედავთ რა სასოწარკვეთილებაში არის მიცემული საქართველოს მიმართ თუნდაც "დიფ სთეითი", ვის დავალებებსაც ასრულებენ კონკრეტულად ეს პირები. თუ ისინი ვერ ათვიცნობიერებენ, რომ მათ ვადა უკვე გაუვიდათ და არ გააჩნიათ მხარდაჭერა მით უარესი მათთვის,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
ცნობისთვის, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. ის გასულ წელს ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა, შემდეგ კი მინისტრის თანამდებობაც დატოვა.