18 მარტი 2025,   13:25
ვრცლად
რაში დაიხარჯა 2 მილიონი ლარი - პროკურატურა ფონდების ტრანზაქციების შესწავლას იწყებს

5 ფონდის მიერ ბოლო 4 თვეში დახარჯული 2 მილიონ ლარზე მეტი პროკურატურის შესწავლის საფუძველი გახდა. დაყადაღებულია ყველა ფონდის საბანკო ანგარიშები, მათ შორის "ნანუკას ფონდი", "ფროსფერითი" , "ფონდი ერთმანეთისთვის", "სირცხვილია" და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი".

პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ, გამოძიების ფარგლებში, იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა მოხდა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას ახორციელებდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება სწორედ ე.წ ფონდების მეშვეობით ხდებოდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს ეს ფონდები დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის იყენებდნენ, ისევე, როგორც დანაშაულის ჩასადენად საჭირო ინვენტარისა და საშუალებების შეძენისთვის.

ადრესატების ნაწილი პროკურატურის ბრალდებას უპასუხოდ ტოვებს. მედიასთან კომუნიკაციას თავს არიდებენ და დეტალებზე საუბარი არ სურთ, ნაწილი კი აცხადებს, რომ პროკურატურის მიზანი მათ წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

საქმე საბოტაჟის და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებაზე სწორედ ვატო შაქარიშვილის განცხადების საფუძველზე დაუწყო. მოძრობა "ნეიტრალური საქართველოს" ლიდერი დღესაც ამბობს, რომ დესტაბილიზაციის მცდელობაზე რეაგირება შესაბამისი უნდა იყოს.

ბრალდებები ხელისუფლების ოპონენტებისთვის გამოგონილია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ფონდები კანონს არ არღვევდნენ და ახლა მათი ანგარიშების დაყადაღება პოლიტიკურ ინტერესს ატარებს.

ფონდების დაყადაღების საქმეში პოლიტიკურ კონტექსტს მმართველი პარტია გამორიცხავს. "ქართულ ოცნებაში" არ უკვირთ, რომ თავად ამ ფონდების წარმომადგენლები და მათი ოპონენტები სამართლებრივ რეაგირებას პოლიტიკურ სარჩულს არგებენ.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და საზოგადოების ინფორმირებას პერიოდულად მოახდენენ.

დღის ამბები