18 მარტი 2025,   21:26
ვრცლად
"ნათლად იკვეთება, რომ კონკრეტული ფონდები აფინანსებენ დანაშაულებრივ ქმედებებს, დესტრუქციას" - დავით მათიკაშვილი

საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე გამოძიება გრძელდება. 5 დაყადაღებული ფონდი და ბოლო 4 თვეში დახარჯული 2 მილიონ ლარზე მეტი - პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება პოლიტიკური შეფასებების თემაა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის ქმედება სრულიად სამართლიანია.

"ნათლად იკვეთება, რომ კონკრეტული ფონდები აფინანსებენ დანაშაულებრივ ქმედებებს, დესტრუქციას, იარაღის ფაქტობრივად და იმ მასალის შეძენას, რითაც ხდებოდა რამდენიმე დღე ცნობილი მოვლენები საქართველოს პარლამენტის წინ, ფაქტობრივად ომის იმიტაცია რომ მოაწყო რადიკალურმა ოპოზიციამ და ენჯეო სექტორმა.

ბუნებრივია კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - ფაქტობრივად სახელმწიფო მართლმსაჯულების სისტემის ჩამოქცევის სურვილი, როდესაც რომელიმე კონკრეტულ პირს, სახელმწიფო, სამართალდარღვევის ან რაიმე სხვა შესაბამისი გადაცდომის გამო მიუსჯის ჯარიმას, ხოლო ეს ფონდები ფულს უგროვებენ და უხდიან ამ ჯარიმას, ეს არის წარმოუდგენელი რამ, სრულიად დემოკრატიული სამყაროსთვის გაუგებარი და ზღვარს გადასული. ამიტომ, ბუნებრივია, რომ პროკურატურის ქმედება არის სრულიად სამართლიანი", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ცნობისთვის, გამოძიების ფარგლებში დეტალურად შეისწავლეს იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციები. გამოძიების ინფორმაციით, ტრანზაქციების დროს დანიშნულებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ფონდები ახალისებდნენ კანონდარღვევებს, ყიდულობდნენ სხვადასხვა აღჭურვილობას საპროტესტო აქციებისთვის და დემონსტრანტებისთვის.

დღის ამბები