18 მარტი 2025,   21:25
ვრცლად
"რა არის იმაში გასაკვირი, რომ აღძრულია საქმე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე და ამ პროცესების დამფინანსებელი ფონდები დაყადაღდებოდა" - გურამ მაჭარაშვილი

საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე გამოძიება გრძელდება. 5 დაყადაღებული ფონდი და ბოლო 4 თვეში დახარჯული 2 მილიონ ლარზე მეტი - პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება პოლიტიკური შეფასებების თემაა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილმა ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის ფაქტებიც გაიხსენა, სადაც მისი თქმით, პიროტექნიკა ჰქონდათ, მოლოტოვის კოქტეილები, პირბადეები და ა.შ. 

"დადასტურებულია, მათ შორის, ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან, რომ USAID-დან და NED-დან არის თანხები გადმორიცხული სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში რევოლუციების მოსაწყობად და შიდა პოლიტიკაში ჩასარევად. პირდაპირ მტკიცებულების სახე აქვს ამას ამერიკის პრეზიდენტის ბრძანების სახით, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეს თანხები, რასაც ჩვენ ვამბობდით ყოველთვის, გადმორიცხულია, მათ შორის, საქართველოში, იმისათვის, რომ აქ მომხდარიყო რადიკალური პროცესები. მეორეს მხრივ, არის აღიარებითი ჩვენებები კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერების წევრების. ხომ გვახსოვს, როდესაც საწყობში შევიდნენ შესაბამისი წარმომადგენლები, იქ პიროტექნიკა ჰქონდათ, მოლოტოვის კოქტეილები ჰქონდათ, პირბადეები და ა.შ. აღიარეს, რომ დიახ, ეს შეძენილი გვაქვს იმისთვის, რომ მოვამარაგოთ რადიკალური აქციის მონაწილეებიო. პირდაპირ აღიარეს. შესაბამისად, რა არის იმაში გასაკვირი, რომ აღძრულია ქვეყანაში საქმე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე და ამ პროცესების დამფინანსებელი ფონდები საიდან არის, ბუნებრივად ჟღერს ეს, რომ დაყადაღდებოდა, აბა რა იქნებოდა," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, გამოძიების ფარგლებში დეტალურად შეისწავლეს იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციები. გამოძიების ინფორმაციით, ტრანზაქციების დროს დანიშნულებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ფონდები ახალისებდნენ კანონდარღვევებს, ყიდულობდნენ სხვადასხვა აღჭურვილობას საპროტესტო აქციებისთვის და დემონსტრანტებისთვის. 

დღის ამბები