18 მარტი 2025,   21:20
ვრცლად
"ამ თემაზე არასდროს მისაუბრია გულშემატკივრის წინაშე... მძიმე მომენტია-ხოლმე" - გენო პეტრიაშვილმა მისი გატაცების ეპიზოდი "ჩემპიონებში" სტუმრობისას გაიხსენა

"ეს პრობლემა რომ არ შემხვედროდა ცხოვრებაში, ამხელა სიმაღლეზე ვერ ავიდოდი სპორტში", - ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა, "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ჩემპიონებში" საოკუპაციო ძალების მიერ მისი გატაცების ეპიზოდი გაიხსენა და ისაუბრა რა გავლენა მოახდინა ამ ფაქტმა მის შემდგომ ცხოვრებასა და კარიერაზე.

როგორც პეტრიაშვილი აღნიშნავს, ამ თემის შესახებ გულშემატკივართან არასდროს უსაუბრია, ზოგადად ცდილობს, ეს ეპიზოდი შედარებით მსუბუქად გაიხსენოს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ამ მომენტმა საკუთარი თავის რწმენა და გამარჯვების ჟინი მოუტანა.

"ამ თემაზე არასდროს მისაუბრია გულშემატკივრის წინაშე, ახლაც მარტივად და მსუბუქად გეტყვით ერთ საინტერესო ფაქტს და მანდ დავამთავროთ... მძიმე მომენტია-ხოლმე.

ეს პრობლემა რომ არ შემხვედროდა ცხოვრებაში, ამხელა სიმაღლეზე ვერ ავიდოდი სპორტში, იმდენად დიდი საბრძოლო განწყობა და ხასიათი მომცა ჩემმა თავგადასავალმა. ამიტომ, ესეც მნიშვნელოვანი იყო ჩესმ ცხოვრებაში - ხასიათი, ჟინი მომცა.

ბევრ ადამიანს აინტერესებს-ხოლმე, ჩემს საახლობლო წრეს, მეგობრებს და ყოფილა მომენტები, რომ ვიხსენებ-ხოლმე. ეს იყო დიდი გაკვეთილი და ძალიან მაგარი თავგადასავალი, ასე შემიძლია მოვნათლო. ძალიან დიდი ხასიათი, საკუთარი თავის რწმენა და გამარჯვების ჟინი მომცა ამ ყველაფერმა", - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა ლაშა დვალიშვილთან ინტერვიუში.

გენო პეტრიაშვილის მშობლიური სოფელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაა. ის ბავშვობაში საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს.

დღის ამბები