18 მარტი 2025,   11:45
ვრცლად
ბრიუსელმა თბილისისთვის ისევ მოიცალა, წინა ფლანგზე კვლავ კაია კალასია - ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ოჯახის წევრის რუსული ბიზნესინტერესები თბილისიდან შეახსენეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები აქტიურად ახდენენ ზეწოლას იმ ადამიანებზე რომლებიც საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას ახორციელებენ. აქვე, კალასი შეშფოთებას გამოთქვამს დაკავებების გამო, ეს ყველაფერი კი უმაღლესმა წარმომადგენელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მისი ოჯახის წევრის რუსული ბიზნესინტერესები თბილისიდან შეახსენეს. სახელისუფლებო გუნდის წევრებისთვის, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კაია კალასის განცხადება მიუღებელია.

უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე კითხეს. კაია კალასმა თქვა, რომ ევროპაში შეშფოთებულები არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებებისა და მათზე განხორციელებული ძალადობის გამო. 

მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ევროკავშირი მმართველი გუნდის მისამართით სამართლიან პოლიტიკას აწარმოებს და საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებით არის დაინტერესებული.

საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა - ასე აფასებენ კაია კალასის განცხადებას სახელისუფლებო გუნდში. მმართველი პარტიის წევრებისთვის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიცია იმ ფაქტის დადასტურებაა, რომ ევროპული ბიუროკრატია არა ევროპული ფასეულობების მიხედვით, არამედ "დიფ სთეითის" დღის წესრიგით მოქმედებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დღეს შეიკრიბნენ და უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესაძლებლობა განიხილეს.

დღის ამბები