
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი კირცხალიას თქმით, ევროპარლამენტისა თუ ცალკეული ქვეყნების მიერ მიღებული რეზოლუციები პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო და ვიწრო პოლიტიკური ინტერესები იკითხებოდა იმ პატრონების მხრიდან, რომლებიც საქართველოში "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" პატრონობენ.
მისი თქმით, ამ ყველაფერს "დიფ სთეითის" მხრიდან ხელდასხმული, არ არჩეული ბიუროკრატები აკეთებენ.
"სათვალავიც აგვერია თუ რამდენი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა თუ ცალკეულმა ქვეყნებმა, როგორი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, როგორი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები იკითხებოდა იმ პატრონების მხრიდან, რომლებიც პატრონობენ აქ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას". ამას აკეთებს ვინ? აი იმ "დიფსთეითის" მხრიდან ხელდასხმული, არ არჩეული ბიუროკრატები. ჩეხეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ითხოვენ უაპელაციოდ ახალი არჩევნების ჩანიშვნას და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. აქედან როდესაც წავიდა კითხვა და მოვითხოვეთ განმარტება, თურმე დიპლომატიური მისია საქართველოში, ჩეხეთის პარლამენტს არ წარმოადგენს. დღეს, ევროკავშირიდან გვესაუბრებიან ფაშიზმით ევროკავშირის სახელით", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.