18 მარტი 2025,   12:35
ვრცლად
მოსამართლემ სასჯელის ნაწილობრივი შეკრება გამოიყენა და ექსპრეზიდენტი კიდევ დიდი ხნით დატოვა გისოსებს მიღმა - კლინიკა თუ ციხე - სად მოიხდის სასჯელს მიხეილ სააკაშვილი?

რძის პროდუქტთან ერთად სატვირთო მანქანით ქვეყანაში შემოპარული ყოფილი პრეზიდენტი, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეში დამნაშავედ ცნო და მას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მიხეილ სააკაშვილს პატიმრობაში ყოფნა 12 წლითა და 6 თვით მოუწევს. მოსამართლემ საკუთარი დისკრეცია გამოიყენა და განაჩენთა ერთობლიობით პატიმრობის ვადა განსაზღვრა.

რიგით მეოთხე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია თავად მსჯავრდადებული. თუმცა, ის მალევე, 7 ნოემბრის საქმის განხილვაზე ონლაინ ჩაერთო და მიმართვები სამ - უკრაინულ, ინგლისურ და ქართულ ენაზე გააკეთა.

12 წელი და 6 თვე მიხეილ სააკაშვილს დანაშაულის რეციდივის პირობებში დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა. უკვე არსებულ 8 წელს, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის ჰქონდა მისჯილი, საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წელი და 6 თვე დაემატა. პროკურორის თქმით, საზღვრის კვეთის საქმის ყველა ფიგურანტს სააკაშვილის გარდა დანაშაული აღიარებული აქვს.

მიღებული განაჩენი უკანონოა სააკაშვილის თანაგუნდელებისთვის, ისინი პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნაზე - სალომე ზურაბიშვილსაც აკისრებენ.

განაჩენის გამოცხადების პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას შეახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილის უკანონო საზღვრის კვეთა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ დაგეგმა. გამოძიების ვერსიით, დგინდება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სწორედ უკრაინიდან, ჩერნომორსკის პორტიდან სატვირთო გემ "ვილნიუსს" წამოჰყვა და ფოთში ამ გზით შემოვიდა. გემი ფოთის პორტს 28 სექტემბერს, 23:00 საათზე მოადგა, საიდანაც უკვე ელგუჯა ცომაიამ ტრაილერი, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი არაჟნებთან ერთად იმალებოდა - თბილისისკენ წამოიყვანა.

ქვეყანაში ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ამახვილებს ყურადღებას უმრავლესობაც - "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ რომ სააკაშვილი დამოუკიდებლად არც მაშინ მოქმედებდა და მისი საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა უკრაინისა და მაშინდელი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს, საქართველოში არჩევნების დღეს არეულობისა და გადატრიალების მოწყობის მიზნით. გამოძიების ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის შემოყვანის დაგეგმვა და განხორციელება კი უკრაინაში მყოფ გიორგი ლორთქიფანიძეს დაევალა, რომელიც წლების განმავლობაში ვანო მერაბიშვილის მოადგილის პოსტს იკავებდა.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სულ 5 საქმეა აღძრული, აქედან განაჩენი ოთხზე უკვე დამდგარია. ამ ეტაპზე, სასამართლო განხილვები მიმდინარეობს 7 ნოემბრის საქმეზე.

დღის ამბები