
სიცრუეზე აგებული რიტორიკა საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა და ბრძოლა "დიფ სთეითის" წინააღმდეგ - უმრვლესობის ლიდერის განცხადებები პოლიტიკური შეფასებების თემაა.
"სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ შტატების მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში "დიფ სთეითის" დამარცხება", - წერს სოციალურ ქსლში მამუკა მდინარაძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, თუ Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლა არ იქნება წარმატებული, არა თუ საქართველო, არამედ კაცობრიობა დაიღუპება.
"თუკი ეს ბრძოლა არ იქნა რეალური და არ იქნა წარმართული ისე, რომ საბოლოო ჯამში მშვიდობის დღის წესრიგმა გაიმარჯვოს, კაცობრიობა დაიღუპება, არა თუ საქართველოს გაუჩნდება რაიმე პრობლემა.
ტემპი, რომელიც აიღო ახალმა ადმინისტრაციამ, ის გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ რეალურად მოხდება, თუმცა მე ვერ ვიტყოდი და ჩვენ ზოგადად ვერ ვიტყოდით იმას, რომ ეს შესაძლო განსაცდელი უკვე უკან არის მოტოვებული. ახლა მიმდინარეობს ომის პარტიის ძალების გარკვეული კონსოლიდაცია, უშველებელი ფინანსური რესურსის კონსოლიდაცია და ამის გამოძახილია მნიშვნელოვანწილად ის პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობს.
დღემდე ჩვენი ძალებით ვუმკლავდებით ამას, ჩვენ ველოდებით, რომ მსოფლიოში პროცესების ცვლილება გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს მოიტანს", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.