10 მარტი 2025,   20:02
ვრცლად
"ეს უვიც ხალხზე გათვლილი ტყუილია, თითქოს არბიტრაჟის მომსახურების გადახდა ნიშნავს, რომ ეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, რაც არის აბსურდი" - სალომე სამადაშვილი ხაზარაძის მიერ გადახდილ თანხაზე

მამუკა ხაზარაძემ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფოს 650 000 დოლარი გადაუხადა. როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ხაზარაძე იყო მტყუანი და მან აღიარა ანაკლიის პროექტის ჩაშლა.

2024 წლის ივლისში, ფრანგულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სარჩელის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საუბარია კონსორციუმისთვის კონტრაქტის შეწყვეტის საქმეზე, რომელსაც "ლელოს" დამფუძნებელი უკანონოდ მიიჩნევდა.

არბიტრაჟმა, რომელსაც მამუკა ხაზარაძემ თავად მიმართა, მისი მოთხოვნა უარყო.

"ლელოში" დღეს ამ თემაზე "კურიერის" დასმულ შეკითხვას სალომე სამადაშვილის გაღიზიანება მოყვა. მისი განცხადებით, არბიტრაჟის მომსახურების გადახდა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას ეთანხმები.

ჟურნალისტის დასმულ კითხვას, არბიტრაჟის გადაწყვეტილება იყო თუ არა ობიექტური, სალომე სამადაშვილმა თავი აარიდა.

"ეს არის "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული მორიგი, უვიც ხალხზე გათვლილი ტყუილი, რომ თითქოს არბიტრაჟის მომსახურების გადახდა ნიშნავს იმას, რომ ეთანხმები არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, რაც არის აბსურდი. სიმართლე არის ის, რომ ანაკლიის პორტი არ აშენებულა.

არბიტრაჟი მომსახურების გადახდას აკისრებს ყველა მხარეს და ყველამ უნდა გადაიხადოს. გეუბნებით, რომ უვიცი შეკითხვა არ უნდა დასვათ. არბიტრაჟის ან სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე შენ რომ თანხმდები, ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას ეთანხმები. მე გეუბნებით, რომ ანაკლიის პორტი არ არის აშენებული და თქვენს ადგილზე დავინტერესდებოდი იმით, თუ რატომ არ არის აშენებული", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები