
სიცრუეზე აგებული რიტორიკა საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა და ბრძოლა "დიფ სთეითის" წინააღმდეგ - უმრვლესობის ლიდერის განცხადებები პოლიტიკური შეფასებების თემაა.
"სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ შტატების მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში „დიფ სთეითის“ დამარცხება", - წერს სოციალურ ქსლში მამუკა მდინარაძე.
როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ამბობს, ბალტიისა და სკანდინავიის მხრიდან საქართველოზე შეტევა გაორმაგებული ძალისხმევით ხდება.
"როდესაც ჩვენზე შეტევა გაორმაგებული ძალისხმევით ხდება, იგივე ბალტიის და სკანდინავიის ქვეყნების მხრიდან, ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ ვხედავთ "დიფ სთეითის" გავლენებს ამ ქვეყნების ბიუროკრატებზე და ის რიტორიკა, როგორც ისინი გველაპარაკებიან, ის გზავნილები, რაც მათი მხრიდან მოდის, ეს ყველაფერი არის გლობალური ომის პარტიის მიწოდებული მესიჯბოქსი.
ჩვენ ვერ ვხედავთ, სამწუხაროდ, "დიფ სთეითის" შესუსტებას ამ მიმართულებით, ვინაიდან ეს ზეწოლა არის გაზრდილი და რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ როგორი ბრძოლაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებული და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ბრძოლა "დიფ სთეითის" დამარცხებით დასრულდება, იგივე ბრძოლა დაიწყება ევროკავშირშიც ადრე თუ გვიან, რომ ბრიუსელის ბიუროკრატები გათავისუფლდნენ ამ ჭარბი გავლენებისგან", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.