02 თებერვალი 2025,   00:34
ვრცლად
რა მიზნით იხარჯება ამერიკელი გადამხდელების ფული - ტრამპის გადაწყვეტილებამ, საგარეო დაფინანსების 90 დღით შეჩერებაზე "ქართულ ოცნებას" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მიღებული კანონი გაახსენა

"იუესეიდი" იყო სწორედ ის ორგანიზაცია, საიდანაც შავი ფული რევოლუციებისთვის და არეულობებისთვის არამარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ირიცხებოდა" - "ხალხის ძალის" ერთ-ერთ ლიდერს ამ ეჭვებს ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ის გადაწყვეტილებამაც უმყარებს, რომლითაც დონალდ ტრამპმა მთელს მსოფლიოში საგარეო დახმარება 90 დღით შეაჩერა, რაც საქართველოში USAID-ის საქმიანობასაც შეეხო. გურამ მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის
მიზანია, გააკონტროლოს, მათ შორის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანხების გადარიცხვის მიზნობრიობა.

ოპოზიციის შეფასებით, ამ დრომდეც, "უესეიდი" თანხებს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის ხარჯავდა. ხელისუფლების ოპონენტებს იმედი აქვთ, რომ უცხოური დაფინანსება საქართველოში სხვადასხვა პროგრამის განსახორციელებლად ისევ განახლდება.

სწორედ ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო პარლამენტმა გამჭვირვალობის შესახებ კანონი მმართველი გუნდის შეფასებით. სახელისუფლებო პარტიაში უცხოური დაფინანსებით საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის არაერთ მცდელობაზეც საუბრობენ.

უცხოურ მედიაში ამერიკელი ჰაკერების მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია არამომგებიან გრანტებზე, საიდანაც ირკვევა რომ "იუესეიდმა" საქართველოში სამი პროგრამისთვის 30 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. გრანტები ოფიციალურად გამოყოფილია სასამართლო, მედია და სამოქალაქო განათლების განვითარებისთვის. პროექტების შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა ქართულმა სააგენტომაც გაავრცელა. ირკვევა, რომ შეჩერდა "იუესეიდის" მიერ 20 მილიონით დაფინანსებული პროგრამა "ისთ ვესტერნი", ასევე "აირექსის" სხვადასხვა პროექტი. ამავე მედიის ცნობით, იმ პროგრამების ხელმძღვანელი პირები, რომლებსაც დაფინანსება შეუწყდათ, აქტიურად აპროტესტებდნენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს. დონალდ ტრამპმა საგარეო დახმარების 90 დღით შეჩერების შესახებ განკარგულებას ხელი 21 იანვარს მოაწერა. დღეს კი, "როიტერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია "იუესეიდის" შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას განიხილავს.

დღის ამბები