მომდევნო კვირიდან, პოლიტიკურ დღის წესრიგში მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირების შესრულება დგება. ორშაბათს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, "ქართული ოცნება" დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს. კომისიამ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს, მოამზადოს დასკვნა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ პროცესი გამჭვირვალე და ღია იქნება.
პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები. მანამდე, "ნაციონალური მოძრაობა" ჯერ არ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას, არალეგიტიმურად უკვე აცხადებს, სხვებისთვის კი მმართველი გუნდის ინიციატივა პოპულიზმი და სანახაობის გათამაშებაა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელსაც შესაძლოა კონკრეტულ დანაშაულებში ბრალი მიუძღოდეს. "ქართული ოცნების" ლიდერები ოპონენტებს ახსენებენ, რომ კომისიასთან თანამშრომლობა სავალდებულოა, ამას კი მათ
ქვეყნის უზენაესი კანონი და სისხლის სამართლის კოდექსი ავალდებულებს. ხალხის ძალაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების უკვე არსებულ მტკიცებულებებზე საუბრობენ და მოლოდინი აქვთ რომ ძველს, ახლებიც დაემატება.
დროებითი საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში 6 თვე იმუშავებს, საბოლოოდ კი სამუშაო ჯგუფი პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს. დოკუმენტი შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება.
ავტორი: ნანა გოგატაძე.