02 თებერვალი 2025,   00:39
ვრცლად
მზია ამაღლობელის საქმე და პოლიტიკური შეფასებები - პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი 21-ე დღეა შიმშილობს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ ქმედება, რის გამოც ჟურნალისტი წინასწარ პატიმრობაშია, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იყო.

"ქართული ოცნება" ევროპული ქვეყნების მაგალითებზე საუბრობს და დიპლომატებს, ხელისუფლების მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო აკრიტიკებს. ამბობენ რომ ელჩები, ნაცვლად იმისა, პოლიციელზე თავდასხმა დაგმონ, დაკავებულის პოლიტპატიმრად წარმოჩენას ცდილობენ.

მზია ამაღლობელისთვის წარდგენილ ბრალს გადაჭარბებულს უწოდებენ ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტებს იმედი აქვთ, რომ ჟურნალისტი მალე გათავისუფლდება, რადგან, მათივე შეფასებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი არ დასტურდება.

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში " ხალხის ძალა" ამბობენ, რომ პოლიციელზე თავდასხმა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში დაუშვებელია და მკაცრად ისჯება.

მზია ამაღლობელის საქმეში კონკრეტული ჯგუფების ინტერესებზე საუბრობს სახელისუფლებო გუნდი. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ საქმეში იკვეთება სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მიზანმიმართული დაუმორჩილებლობა.

"ბათუმელების" დამფუძნებლის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად საპატიმროში უკვე 21 დღეა შიმშილობს. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ დროისთვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამაღლობელი ბათუმში, 12 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები