სახელისუფლებო პარტიისთვის ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია, შანტაჟის მცდელობაა. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, "ქართული ოცნება" ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევად აფასებს. მმართველი პარტია დასავლელ პოლიტიკოსებს პროცესების ობიექტური შეფასებისკენ მოუწოდებს, ოპოზიციას კი საკუთარი ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
საქართველოს დელეგაციის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომ უკრაინული მხარეც მონაწილეობდა, ეს ინფორმაცია თავად უკრაინელმა ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დადასტურდა. ოპოზიციის ნაწილი, ვინც სტრასბურგში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდა, შედეგით კმაყოფილია, რეზოლუციის შემუშავებაში არც უკრაინული მხარის მონაწილეობას უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ მათი პარტნიორების როლი მინიმალური იყო.
საპარლამენტო უმრავლესობისთვის და პოლიტიკური ჯგუფებისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსურდულ დათქმებს შეიცავს. აცხადებენ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ კონკრეტული ძალები მოქმედებენ და ამას კონკრეტული მიზეზი აქვს.
საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 29 იანვარს მიიღო. ასამბლეამ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების რატიფიცირების მიუხედავად, დოკუმენტში კონკრეტული დათქმები ჩაწერა. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ეს მოთხოვნები აღმოჩნდა ქართული დელეგაციისთვის მიუღებელი და მმართველმა გუნდმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.