13 სამუშაო დღეში, ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა სამშვიდობო პოლიტიკაზე აქტიური მუშაობა დაიწყო. ოვალურ კაბინეტში, მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან დისკუსიას აწარმოებს. თუმცა, არ აკონკრეტებს ესაუბრა თუ არა პირადად, ვლადიმერ პუტინს. ჟურნალისტის ამ კითხვაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი კონკრეტულ პასუხს არ სცემს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ უკრაინაში ომის დასრულება მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ომის გახანგრძლივება დაუშვებელია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა. ათასობით გარდაცვლილი ჯარისკაცი და ნანგრევებად ქცეული ქალაქები 47-ე პრეზიდენტისთვის იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ ომი უკრაინაში დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ ამერიკის შეცვლილი მიდგომაა. პრეზიდენტის განცხადებით, ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა ალიანსის დაფინანსება მას შემდეგ გაზარდეს, რაც ახალმა ადმინისტრაციამ მათ ულტიმატუმი წაუყენა და ახლა ნატოს მსხვილი დამფინანსებლები, ამერიკასთან ერთად უკვე სხვა წევრი ქვეყნებიც არიან.
ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი კრიტიკულად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართაც. ტრამპი ამბობს, რომ პოლიტიკური გაერთიანების წევრი ქვეყნები შტატებს უსამართლოდ ექცევიან, სწორედ ამიტომ ის ევროკავშირიდან იმპორტზე ტარიფების გაზრდას აანონსებს.
ტარიფები უწესდება ჩინურ, კანადურ და მექსიკურ იმპორტსაც. თეთრ სახლში ამბობენ, რომ პრეზიდენტი მის მიერ გაცემული დაპირებების შესრულებას იწყებს. ტრამპი მეზობელ ქვეყნებს არაერთ მძიმე ბრალდებასაც უყენებს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ტრამპმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა გადაწყვიტოს, ვენესუელას ეხება. ამერიკის 47-ე პრეზიდენტი მადუროს მისი მოქალაქეების მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დიქტატორის გაძლიერებაში მთავარი როლი ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა შეასრულა.
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მეორედ შევიდა, ამერიკის პოლიტიკური მმართველობის სტილი რადიკალურად იცვლება – ხელისუფლებაში დაბრუნებიდან 13 დღის შემდეგ, მსოფლიოს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას უკვე ხედავს.