რა ქმედებებს უნდა ელოდოს საქართველო ევროკავშირიდან? რას ფიქრობენ ბრიუსელში თბილისთან დაკავშირებით? - ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სიტყვებზე დაყრდნობით, საკუთარ ვარაუდებზე წერს "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი.
თავის საავტორო სტატიაში რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს უკანონოდ ან არალეგიტიმურად ვერ აცხადებს და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალურ ვიზიტზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც მიიწვიონ.
"მიზეზი, რომლის გამოც ევროკავშირი წინ ვერ მიდის, ერთ-ერთი არის ის, თუ რა მოხდა სადავო საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელიც გასულ წელს ჩატარდა. კენჭისყრის შესახებ ეუთო/ოდირის სრულმა დასკვნამ, რომელიც 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, პრობლემა ვერ გადაჭრა.
"ჩვენ არ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ არჩევნების შედეგები უკანონო ან არალეგიტიმური იყო. ჯერ კიდევ ვსაუბრობთ დარღვევების შესახებ. ამ საკითხის მიღმა წინსვლა არ გვაქვს", - მითხრა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
"ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი სანქციების დაწესების საკითხი კი დაიხურა, მწვანე შუქი მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნებთან დაკავშირებულ სიმბოლურ ზომას აუნთეს. ნატო-ში ყველაფერი ბევრად მარტივია. ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც ანონიმურად საუბრობდა, რადგან არ იყო უფლებამოსილი, ოფიციალურად ესაუბრა, მითხრა, რომ "მოკლე პასუხი არის დიახ, ჩვენ ვხედავთ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად. გრძელი პასუხი არის ის, რომ ეს რთული სიტუაციაა. ოფიციალურად ბევრს არ ვამბობთ, მაგრამ თუ ის უნდა მოვიწვიოთ ისეთ ღონისძიებაზე, როგორიც ნატო-ს სამიტია, ამას გავაკეთებდით", - წერს რიკარდ იოზვიაკი.