ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 7 საათზე დაიხურება. საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა მოქმედმა პრეზიდენტმა. ინფორმაციას "დოიჩე ველე“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან ერთ საათში გახდება ცნობილი. ხმის მიცემის უფლება 3 მილიონ 700 ათასზე მეტ მოქალაქეს აქვს. საარჩევნო უბნები გახსნილია ხორვატიაში და ასევე მის ფარგლებს გარეთ 38 ქვეყანაში.
არჩევნებს 14 620 დამკვირვებელი აკვირდება. მეორე ტურში ერთმანეთს ორი კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი და მისი კონკურენტი, დრაგან პრიმორაკი უპირისპირდებიან.
არჩევნების პირველი ტური 29 დეკემბერს გაიმართა, მოქმედ პრეზიდენტს გამარჯვებისთვის ამომრჩევლების ხმების 1% დააკლდა, მან ხმათა 49,2% მიიღო. მის კონკურენტს კი მხარი ამომრჩეველთა 19,4%-მა დაუჭირა.