24 დეკემბერი 2024,   07:32
ვრცლად
უკრაინა გერმანიაში მმართველი კოალიციის დაშლის მიზეზი გახდა - თუ ახალმა პარლამენტმა შოლცის კაბინეტს ნდობა ხელახლა არ გამოუცხადა, გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კაბინეტი მინისტრის პორტფელს გარეშე დატოვა. ოლაფ შოლცმა ქვეყნის მთავარი ფინანსისტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სოციალ-დემოკრატები, ნეოლიბერალები და მწვანეები - ამ შემადგენლობით სამპარტიული კოალიციური მთავრობა ახლა პოლიტიკური კოლაფსის წინაშეა. თუ ახალმა პარლამენტმა შოლცის კაბინეტს ნდობა ხელახლა არ გამოუცხადა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

შოლცის ამ განცხადებას წინ უძღოდა კანცლერის ოფისში საგანგებო შეხვედრა, სადაც მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით შეიკრიბა. აღმოჩნდა, რომ კოალიციური მთავრობის წევრებს ერთმანეთისთვის სათქმელი ბევრი არაფერი ჰქონდათ. ცნობილია, რომ ნეოლიბერალ ფინანსთა მინისტრსა და სოციალ-დემოკრატ ოლაფ შოლცს შორის კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინა გახდა. კრისტიან ლინდნერმა დაბლოკა კანცლერის არაერთი მოთხოვნა უკრაინისთვის დახმარების გაზრდის მიზნით შეემსუბუქებინათ ბიუჯეტის ხარჯვის წესები. ენერგო რესურსებზე ფასების მკვეთრი ზრდა, საემიგრაციო პოლიტიკა და გარემოს დაცვითი საკითხები - გერმანული მედია წერს, რომ ყველა ამ პრობლემის ერთობლიობით სამპარტიული კოალიცია გახდა ყველაზე არაპოპულარული მთავრობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში. ქვეყნის ბიუჯეტსა და ეკონომიკურ პოლიტიკაზე შეუთანხმებლობა კი, საბოლოოდ მთავრობის დაშლით დასრულდა.

თანამდებობიდან გათავისუფლებული ფინანსთა მინისტრის მიდგომას არ იზიარებს კოალიციური მთავრობის კიდევ ერთი წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც. გერმანიის პირველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ უკრაინის უსაფრთხოებაში ინვესტიცია, მთელი ევროპის ინტერესშია. ცნობილია, რომ ამჟამინდელი მმართველი კოალიციის პირობებში, ბერლინმა მხოლოდ 2024 წლის ბიუჯეტში კიევს 7,6 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გამოუყო.

ომის დაწყების შემდეგ, გერმანია გახდა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიმწოდებელი სიდიდით მეორე ქვეყანა შეერთებული შტატების შემდეგ.

როგორ გააგრძელებს გერმანია ბრძოლას თავისუფლების უზრუნველსაყოფად? ამ კითხვას პასუხი ახლა ბუნდესტაგმა უნდა გასცეს. თუ 733 ადგილიან პარლამენტში ოლაფ შოლცის ახალი კაბინეტი მინიმუმ 367 ხმას ვერ დააგროვებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. გერმანიაში ბოლოს ეს გერჰარდ შროდერის მმართველობის დროს, 2005 წლის 18 სექტემბერს მოხდა. ქვეყნის ისტორიაში რიგით მესამე ვადამდელ არჩევნებში, უმრავლესობა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა მოიპოვა და ანგელა მერკელი გახდა გერმანიის პირველი ქალი კანცლერი, რომელიც ქვეყანას 16-წლის განმავლობაში მართავდა.

დღის ამბები