რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება - ეს ის მიმართულებებია, რასაც მეზობელი ქვეყნების ლიდერებმა დღეს დიდი დრო დაუთმეს. სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთან ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა განიხილა.
ბევრი ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველო-სომხეთს შორის მჭიდრო კავშირებზე. ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის,
ხელი შეუწყოს დიალოგს და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაში წვლილი შეიტანოს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ნიკოლ ფაშინიანმა აქცენტი, ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობასა და სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაზე გააკეთა.
ვიდრე საქართველოსა და სომხეთის ლიდერები პრესკონფერენციაზე მთავარ გზავნილებს გაახმოვანებდნენ, იყო კიდევ ერთი შეხვედრა. ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე მხარეებმა, სხვადასხვა სექტორში ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე ისაუბრეს. დიდი დრო დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე დიალოგს. სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს.
პრემიერ-მინისტრი სომხეთში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში თქვეს, რომ მსგავსი შინაარსის შეხვედრები ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, კიდევ უფრო აფართოებს.
პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა საქართველოს პირველი დიპლომატიც. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ამ შემთხვევაშიც აქცენტი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაკეთდა.
პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი სომხეთში დასრულებულია. ირაკლი კობახიძემ სომეხი კოლეგა საქართველოშიც მოიწვია.