კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პრეზიდენტმა, დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და მისი უწყების 10 ხელმძღვანელი პირი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ერთიანი, ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო, პრეზიდენტის შეფასებით, ქართული პოლიციის დამსახურებაა. ათონელის სასახლეში გამართული დაჯილდოების ცერემონიას პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდა.
ქვეყნის მთავარსარდლის წინაშე, ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ მისი უწყების ყველა თანამშრომელი ქვეყნის წინაშე 24 საათის განმავლობაში მუშაობას ღირსეულად განაგრძობენ.
პოლიციის ხელმძღვანელ პირებს, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს - ღირსების ორდენის მიღება მიულოცა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმაც.
საქართველოს პრეზიდენტმა, შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე დააჯილდოვა. მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსნის ღირსების ორდენზე წარდგენის შესახებ 20 დეკემბერს განაცხადა.