01 თებერვალი 2025,   02:03
ვრცლად
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში დეცენტრალიზაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში სამუშაო შეხვედრები გრძელდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან გამართულ შეხვედრაზე თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტების ინტერესების გაძლიერების მიზნით, კომიტეტი მზადაა სამინისტროსთან ერთად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადოს.

"სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას თვითმმართველობის გაძლიერება წარმოადგენს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე სწორედ დეცენტრალიზაციის პოლიტიკის მიმდინარეობის საკითხებზე ვიმსჯელეთ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სრულდება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პირველი ეტაპი და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შემდეგი ეტაპის სამუშაოების მოსამზადებლად. რაც შეეხება დეცენტრალიზაციის პოლიტიკის მიმდინარეობას, უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადი პარამეტრები შესრულებულია, თუმცა გარკვეული გამოწვევები კვლავაც რჩება, რაც ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

სამუშაო შეხვედრაზე მზია გიორგობიანმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხედვასა და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც დეცენტრალიზაციის სტრატეგიას და მუნიციპალიტეტების გაძლიერებას უკავშირდება.

"კომიტეტის წევრებს სამინისტროს ეგიდით მიმდინარე ღონისძიებები გავაცანი, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების და რეგიონების განვითარების პოლიტიკას მოიცავს. საუბარი შეეხო დეცენტრალიზაციის სტრატეგიას, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მიმართულებებს და იმ აქტივობებს, რომელიც სამინისტროს მიმდინარე წელს აქვს დაგეგმილი“, - განაცხადა მზია გიორგობიანმა.

დღის ამბები