31 იანვარი 2025,   02:55
ვრცლად
საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს - ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებაზე ქართულ ოპოზიციასთან ერთად, უკრაინული დელეგაცია მუშაობდა

ქართული დელეგაციის საკითხზე გამართული კენჭისყრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, უკრაინელმა ჟურნალისტმა პირდაპირი ეთერის საშუალებით ინფორმაცია გაავრცელა და  თქვა, რომ ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებაზე ქართულ ოპოზიციასთან ერთად, უკრაინული დელეგაცია მუშაობდა.

ოპოზიციის აქტიური ჩართულობით შეიტანეს რეზოლუციის საბოლოო რედაქციაში კონკრეტული დათქმები. მათ შორისაა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. უფლებამოსილების რატიფიცირების მიუხედავად, სწორედ ეს დათქმები აღმოჩნდა ქართული დელეგაციისთვის მიუღებელი და რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ იქვე განაცხადა.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, დატოვონ საპარლამენტო ასამბლეა, საერთაშორისო იზოლაციის მიზანმიმართული მცდელობაა ოპოზიციისთვის.

ერევნიდან გამოეხმაურა სტრასბურგის მოვლენებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის თქმით, კონკრეტული ძალების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ კვლავ გრძელდება კოორდინირებული შეტევა. როგორც ეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისას ხდებოდა.

პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრის განცხადებას გულისხმობს. დონ ტუიგიმ, რომელიც ამავე დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარეა, "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში თქვა, რომ მართალია ბიძინა ივანიშვილს ქონება არ უნდა ჩამოერთვას, თუმცა ის სათანადოდ უნდა იყოს გამოყენებული. საპარლამენტო ასამბლეის წევრის სიტყვებით - ივანიშვილს ბრიტანეთში უზარმაზარი ქონება აქვს და ეს ადგილობრივმა მთავრობამ კარგად უნდა გააცნობიეროს. უკრაინელმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ კი, საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე თქვა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის იდეა - "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული ტყუილია.

სწორედ ამ განცხადებამ და უკრაინელი დეპუტატის შეცვლილმა რიტორიკამ გამოიწვია მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკა. სახელისუფლებო გუნდში "დიფ სთეითის" გავლენებზე საუბრობენ და დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ ამ გავლენით მოქმედებენ ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები საქართველოს წინააღმდეგ .თბილისში უკრაინის რადას წევრს სამი წლის წინანდელი გაკეთებული განცხადება შეახსენეს. გონჩარენკო 2022 წელს ქართველებს, ცხინვალში და აფხაზეთში გასეირნებას ურჩევდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვების მიუხედავად, საქართველო ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოდ რჩება. ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ საქართველო - ევროსაბჭოს საქმიანი თანამშრომლობა შეუფერხებლად გაგრძელდება.

დღის ამბები