31 მარტი 2025,   14:42
ვრცლად
არსებობდა თუ არა სამხედრო დაპირისპირების წინაპირობა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები აგვისტოს ომის დროს - საგამოძიებო კომისიამ ამ საკითხზე დღეს 4 პირი გამოჰკითხა

2008 წლის 7 აგვისტო - სამშვიდობო შტაბის უფროსი ევაკუაციასთან დაკავშირებით თანხმობას ვერ იღებს და მოსახლეობის გაფრთხილებას, როგორც თავად ამტკიცებს, ირიბად ცდილობს. ამბობს, რომ მაშინდელ მთავარსარდალთან ევაკუაციაზე საუბრის საშუალება არ მიეცა.

კამათის შემდეგ, სხდომა ისევ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გენერალმა მამუკა ყურაშვილმა გაიხსენა ის ფაქტიც, როცა ომის ოფიციალურად დაწყებამდე ელჩები შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელ მოადგილე - ეკა ზღულაძესტან ერთად კონფლიქტის ზონასთან თავად ჩაიყვანა ოსური მხარის მოთხოვნით. ყურაშვილის თქმით, დიპლომატებს ერგნეთში შესვლაზე მოწინააღმდეგე მხარემ უარი უთხრა, თუმცა, მოახერხა მათთვის იქ არსებული სიტუაციის ნაწილობრივ გაცნობა. ყურაშვილი იხსენებს, რომ კონფლიქტის ზონაში ელჩების ჩასვლას უკურეაქცია მოჰყვა.

ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებების შესახებ ვრცლად ისაუბრა გოგა ხაინდრავამ. გაიხსენა მიხეილ სააკაშვილთან საუბარიც, რომლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა მას უთხრა, რომ აჭარის საკითხის მსგავსად, ცხინვალის რეგიონის პრობლემებიც მოგვარდებოდა. 2004-2006 წლებში, სახელმწიფო მინისტრმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზეც ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა ირაკლი ბათიაშვილმაც და კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენები გაიხსენა. თქვა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს კოდორის ხეობა უბრძოლველად, მიზანმიმართულად ჩააბარა.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გია ვოლსკისაც დაუსვეს კითხვები, რომელმაც 2008 წლამდე მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. გაიხსენა, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ნაბიჯებმა, რამდენჯერმე სამშვიდობო მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩაშალა. ვოლსკიმ თქვა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტნიორებმა არაერთხელ გააფრთხილეს, რომ რუსეთს საქართველოს განადგურება შეეძლო და დიპლომატიური ქმედებებისკენ მოუწოდეს.

საგამოძიებო კომისიამ, მე-7 სხდომაზე დღეს 4 პირი გამოჰკითხა. არსებობდა თუ არა სამხედრო დაპირისპირების წინაპირობა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები - სწორედ ამ საკითხებს იკვლევდა დღეს კომისია.

დღის ამბები