02 აპრილი 2025,   03:23
ვრცლად
სოზარ სუბარი კოდორის ხეობაზე: ფორპოსტი, რომელიც იყო ქართული კუთხე, ქართული მიწა-წყალი, შენარჩუნებული შუაგულ აფხაზეთში, 2008 წელს ისე ჩააბარეს, ერთი ტყვია არ გასროლილა. რაც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, სააკაშვილმა მოღალატეობრივად ჩააბარა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, წინა დღეების მოსმენები შეაჯამა და ასევე, კოდორის ხეობის დაკარგვასთან დაკავშირებით ისაუბრა.

სუბარის თქმით, გენერალი გოგას გადასაწყვეტი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო მოსახლეობის გაფრთხილების საკითხი, ქვეყანას სამოქალაქო ხელისუფლება სწორედ იმიტომ ჰყავს, რომ ასეთ დროს მათ უნდა ემოქმედათ.

"მინდა ორი რამე ვთქვა წინა დღეების მოსმენებიდან. გენერალმა მამუკა ყურაშვილმა 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში უწოდა სამშობლოს წინაშე ჩადენილი ღალატი ბატალიონ "მანადირეს" გაუქმებას. მან კომისიაზე ახსნა-განმარტების დროს დაადასტურა. სიტყვა "ღალატს" მოერიდა, მაგრამ მთლიანობაში დაადასტურა, რომ ეს იყო შეცდომა, ეს იყო დანაშაული სამშობლოს წინაშე ჩადენილი.

გენერალმა გოგავამ თავის თავზე აიღო, რომ მან ვერ მოახერხა, ვერ მოასწრო მოსახლეობის გაფრთხილება კოდორის ხეობაში. მაშინ, როდესაც იქიდან ჯარი გამოდიოდა. ჯარი, რომელსაც იარაღი დაატოვებინეს და ეს იარაღი დარჩა რუსების ხელში. მე არ ვფიქრობ, რომ გენერალი გოგავას გადასაწყვეტი იყო, სამოქალაქო ხელისუფლება იმიტომ არსებობს, რომ ასეთ დროს მათ შეეძლოთ გაეფრთხილებინათ. უბრალოდ მან თავის თავზე აიღო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი ძალიან დიდი დანაშაული", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, კოდორის ხეობა იყო ფორპოსტი, რომელიც შენარჩუნებული იყო 13 წლის განმავლობაში აფხაზეთში, მიხეილ სააკაშვილმა კი მოღალატეობრივად ჩააბარა ის რუსეთს.

"დანაშაული იყო ის, რომ მოსახლეობა გაწირეს დიდი მსხვერპლისთვის, უბრალოდ მართლა გამოჩნდნენ ადამიანები, მათ შორის მეც ვიყავი, ვინც ვრეკავდით და ვეუბნებოდით, რომ დროზე უნდა დატოვოთ ხეობა, იმიტომ რომ საფრთხე არსებობს, თორემ მსხვერპლი შეიძლება ყოფილიყო ძალიან დიდი. ეს ფორპოსტი, რომელიც იყო ქართული კუთხე, ქართული მიწა-წყალი შენარჩუნებული შუაგულ აფხაზეთში ამის ჩაბარება მოხდა 2008 წელს ისე, რომ ერთი ტყვიის გასროლა არ მოხდა. ის რაც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა მოღალატეობრივად 2008 წელს ტყვიის გაუსროლელად", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები