
თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ნათია თურნავას ჩინეთში ვიზიტი. სებ-ის დელეგაციამ, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ჩინელ კოლეგას შეხვდა. ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკების ვიცე პრეზიდენტებთან და დირექტორებთან.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.
"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები უკვე სახეზეა. გაზრდილი ტურისტები რაოდენობა, გაღრმავებული ფინანსური და ეკონომიკური ურთიერთობა და მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ბანკებს შორის, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთობა. როგორც მოგეხსენებათ, ჩინეთი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკა და ის საბანკო ბერკეტები და მექანიზმები, რომლებიც ამ ქვეყანაში მოქმედებს, ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, იმ პარტნიორული ურთიერთობის ფონზე, რომელიც დღითი დღე ღრმავდება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.