
აშშ-ის არმიის სარდლობას საიდუმლო სამეთაურო ცენტრი ჰქონდა, საიდანაც უკრაინელ სამხედროებს სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდნენ. სადაზვერვო ცენტრი გერმანიაში იყო მოწყობილი. იქ ამერიკელი და უკრაინელი ჯარისკაცები ერთობლივად მუშაობდნენ. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
სტატიაში, სახელწოდებით "პარტნიორობა: უკრაინის ომის საიდუმლო ისტორია" აღნიშნულია, რომ საიდუმლო ცენტრი გერმანული ქალაქ ვისბადენის კლეი კაზერნეს გარნიზონში იყო მოწყობილი.
ცენტრს ოპერაციული ჯგუფი "დრაკონი" ერქვა და ის 2022 წლის გაზაფხულზე შეიქმნა.
ამერიკულ მხარეს გენერალი კრისტოფერ დონაჰიუ, უკრაინულ მხარეს კი გენერალ-ლეიტენანტი მიხეილ ზაბროდსკი ხელმძღვანელობდნენ.
საიდუმლო სამეთაურო ცენტრის მთავარ ფუნქციას ბრძოლის ველზე რუსების ჯარის განლაგების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის დამუშავება და უკრაინული მხარისთვის მისი გადაცემა წარმოადგენდა.