20 მარტი 2025,   02:51
ვრცლად
ლიეტუვის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი თბილისში ვიზიტს განაგრძობს - რატომ ინტერესდება საქართველოში მიმდინარე პროცესებით ლანდსბერგისი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში არჩევნებში დამარცხდა

"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" პროექტების მენეჯერი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ გაბრიელიუს ლანდსბერგისის ბაბუას ისტორიული წარსული ჰქონდა. "სოვლაბის" დირექტორი ერთადერთი იყო, რომელმაც დღეს მედიასთან კომენტარი გააკეთა, თუმცა, დახურული შეხვედრის შინაარსის ნაცვლად, მხოლოდ ლიეტუვის პოლიტიკურ გამოცდილებაზე ისაუბრა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ, ლიეტუვის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი თბილისში საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრებს შეხვდა. მოგვიანებით კი ჰქონდა პრესკონფერენციაც, რომელზეც, ოპოზიციასთან გუშინდელი შეხვედრის მსგავსად, მხოლოდ რამდენიმე მედიასაშუალება შეუშვეს.

რატომ არ დაუშვეს ლანდსბერგისთან შეხვედრებზე მედიის დიდი ნაწილი - ამას უკვე სახალხო დამცველი შეისწავლის. ომბუდსმენის ოფისმა განცხადება ჯერ კიდევ პრესკონფერენციამდე გაავრცელა, რომლითაც ყველა მხარეს მოუწოდებდა, უზრუნველეყო ღონისძიებებზე მედიის წარმომადგენლების თანაბარი დასწრება. მოწოდების მიუხედავად, ყოფილმა დიპლომატმა განცხადება მხოლოდ მისთვის სასურველ მედიასაშუალებებთან გააკეთა.

რატომ ინტერესდება საქართველოში მიმდინარე პროცესებით ლანდსბერგისი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველი პარტიის თავმჯდომარეობიდანაც გადადგა - "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ ოფიციალური სტატუსის გარეშე დარჩენილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ქართულ ოპოზიციასთან ერთად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებას განაგრძობს.

ლანდსბერგისი ლიეტუვის საგარეო უწყებას 2020-2024 წლებში ხელმძღვანელობდა. გამოირჩეოდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების კრიტიკით. გასული წლის მაისში, ის, ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად, ანტისამთავრობო აქციებშიც მონაწილეობდა. საუბრობდა სანქციების აუცილებლობაზე და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზეც. 26 ოქტომბრის შემდეგ კი, ოპოზიციის მსგავსად, არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვდა.

დღის ამბები