
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ პროცესზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ადვოკატები 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდნენ, პროკურატურამ კი პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა.
"კურიერის" ინფორმაციით, ჭავჭავაძეზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ, უძილაური სამი დღის განმავლობაში ისანი-სამგორის რაიონში ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა, ის სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ქუჩაში გადაადგილდებოდა.
გელა უძილაურს დღეს დუმილი არც სასამართლო პროცესზე დაურღვევია, ის მხოლოდ მოსამართლის მიერ ვინაობის დაზუსტებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხობდა და სიტყვის უფლებით არ უსარგებლია. დღევანდელ სასამართლოზე საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალები გამოიკვეთა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე - მათ შორის ის, რომ გამოძიების ინფორმაციით, გელა უძილაურის სახელზე რეგისტრირებული იყო ორი ცეცხლსასროლი იარაღი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ამოიღო ერთი, თუმცა მეორე ამ დრომდე არ არის ამოღებული. გამოძიების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ იარაღით მომხდარიყო 14 გასროლა, რომელსაც ლევან ჯანჯგველაძე ემსხვერპლა და რომელიც გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა უკვე განადგურებულიც იყოს.
უძილაურის ადვოკატები მოითხოვდნენ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას და ალტერნატივის სახედ მოსამართლეს შესთავაზეს 5 000 ლარიანი გირაოც, თუმცა მოსამართლემ ადგილზე მიიღო გადაწყვეტილება და ლევან ჯანჯგველაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული წინასწარ 2 თვიან პატიმრობაში დატოვა.
"საფრთხეები, რა საფრთხეებზეც ილაპარაკა პროკურორმა, არ არსებობდა. მტკიცებულებების ნაწილში, პროკურორს არ უსაუბრია სასამართლო პროცესზე რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ის მტკიცებულებები, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით გვაფიქრებინებდა, რომ რეალურად ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა აღნიშნული ქმედება.
ის მოქმედებები, რაც შესთავაზა ბრალდების მხარემ, ყველაში მიიღო ნებაყოფლობით მონაწილეობა, საგამოძიებო ექსპერიმენტში არა", - აღნიშნა გელა უძილაურის ადვოკატმა მარიამ ტაბატაძემ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომლის გათვალისწინებითაც აუცილებელი იყო გელა უძილაურის პატიმრობაში დატოვება, მათ შორის პროკურორის თქმით, ამ დრომდე ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს ოფიციალური მოტივის დასადგენად და შესაძლოა უძილაურის გათავისუფლების შემთხვევაში ამ სამართლებრივ პროცესებს ხელი შეეშალოთ.
"სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზანშეწონილებასთან დაკავშირებით და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობისა და ინფორმაციის საფუძველზე, ბრალდებულს შეუფარდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება და რა თქმა უნდა, რელევანტური აღკვეთის ღონისძიება მის ქმედებებთან და პიროვნებასთან მიმართებაში. ეს აღკვეთის ღონისძიება არის დაპატიმრება.
რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული საქმიანობა.
რაც შეეხება იმას, თუ რა ვითარებაში მოხდა დაკავება - აღნიშნული პიროვნების მხილების შემდეგ, მას შემდეგ, რაც შეკრებილი იქნა საკმარისი ინფორმაცია, რომ კონკრეტული ქმედება ჩადენილი იყო წარმოდგენილი ბრალდებულის მიერ, გააქტიურდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით და აღნიშნული პიროვნება დაკავებულ იქნა ქალაქ თბილისში.
ბრალდებულის მხილება კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში მოხდა საქმეზე არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად - ეს არის მოწმეთა ჩვენებები, დათვალიერების ოქმები, ნიმუშები, უშუალოდ ამოცნობის ოქმები.
ბრალდებულის დაკავება მოხდა ქალაქ თბილისში ისანი-სამგორის ტერიტორიაზე", - აცხადებს საქმის პროკურორი გიორგი შაიშმელაშვილი.