19 მარტი 2025,   23:57
ვრცლად
საინვესტიციო ჰაბი ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე - "როიტერსი" საქართველოს შესახებ გადაღებულ ვიდეოსა და სტატიას აქვეყნებს

მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" საქართველოს შესახებ ვიდეოსა და სტატიას აქვეყნებს, სადაც ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სტრატეგიულ სავაჭრო ჰაბად მოიხსენიებს. 

"როიტერსის" ობიექტივში ნაჩვენებია საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნესგარემო, სწრაფი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ის შესაძლებლობები, რასაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს (ვიდეო: https://youtu.be/npJOdQyFi4Q?si=N5elUH_gFUAz6Bbx).

"როიტერსი"-ს გადამღებ ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" უმასპინძლა. ჟურნალისტებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ პირველ ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, რომელმაც მათ ქვეყნის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა გააცნო. გადამღებმა ჯგუფმა დაათვალიერა საწარმოები და და გაიცნო ის ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ.

"საქართველოს დედაქალაქი თბილისი გადაიქცა 21-ე საუკუნის დინამიკურ, თანამედროვე ბიზნეს ცენტრად. ქვეყანა აშკარად ღიაა ბიზნესებისთვის. ბევრი მიზეზია, რის გამოც ინვესტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ეკონომიკური სტაბილურობა მათი ინტერესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია - ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა, რაც მკაფიოდ გამოხატავს ეკონომიკის მედეგობას", - ნათქვამია ვიდეოში.

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციის მიმართულებით. სააგენტოს ჩართულობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში მოზიდული საინვესტიციო პროექტების საერთო მოცულობამ 6 მლრდ დოლარამდე შეადგინა, რის შედეგადაც ათეულობით ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

დღის ამბები